ჩაკვეტაძემ და „გენტმა“ ბელგიის თასზე მოიგეს - ქართველი ტრავმის გამო შეცვალეს
გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ ფორმით მორიგი შეხვედრა ბელგიის თასზე ჩაატარა. საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი მეოთხედფინალში „სენტ-ტრუიდენის“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიის საფეხბურთო ლიგაში „გენტი“ მერვე ადგილზეა, ხოლო „სენტ-ტრუიდენი“ – მეხუთეზე. „გენტმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 3:1 მოიგო.
ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე მოედანი დატოვა. მიზეზი ფეხის მიკრო-ტრავმა აღმოჩნდა. გიორგიმ 61-ე წუთზე საგოლე შეტევა განავითარა და მისი გადაცემის შემდეგ ფრანგმა მამადუ დიარა დომპემ „სენტ-ტრუიდენის“ კარი მესამედ აიღო.