ჩაკვეტაძე „უდინეზეში“ წარადგინეს – კაკას ჰგავს, პროფესიონალი სპორტსმენი და გამორჩეული ადამიანია #1TVSPORT
„უდინეზემ“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მედიას პრესკონფერენციაზე წარუდგინა ლინცში, სადაც გუნდი წინასასეზონო შეკრებას გადის.
„სიამოვნებით წარვადგენ გიორგი ჩაკვეტაძეს – მაღალი დონის მოთამაშეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებით. მას 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული „უოტფორდის“ შემადგენლობაში. მივესალმები მას და ვუსურვებ ნათელ მომავალს „უდინეზეს“ მაისურით“, – თქვა გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ფრანკო კოლავინომ.
ჯანლუკა ნანი, „უდინეზეს“ ტექნიკური დირექტორი:
„გიორგი გამორჩეული მოთამაშეა. მე ცოტა მეტოქე მინახავს, რომელმაც მისი შეჩერება შეძლო – ის საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშედ ითვლება. გვჯერა, რომ დროა, მან სხვა ლიგაში წარმოაჩინოს თავი. როდესაც ის ბურთს იღებს, მისი შეჩერება ძალიან რთულია: სწრაფია, მაგრამ რაც მთავარია, ბურთს ადვილად იმორჩილებს. ვიმედოვნებთ, რომ ის თავის თამაშს გოლებსაც დაამატებს. ჩვენი ახალი შემტევი ნახევარმცველი რაღაცით კაკას ჰგავს. მას შეუძლია თამაში როგორც შემტევ ნახევარმცველად, ასევე ვინგერად. უპირველეს ყოვლისა, პროფესიონალი სპორტსმენი და გამორჩეული ადამიანია“.
გოხან ინლერი, „უდონეზეს“ სპორტული დირექტორი:
„გიორგი შესანიშნავი მენტალიტეტის მქონე ბიჭია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მოედანზე ყოველთვის 100%-ით დაიხარჯება“.