ჩაბუქს იმედი აქვს, რომ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ მოთხოვნას პროკურატურა დააკმაყოფილებს
ჩაბუქს იმედი აქვს, რომ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ მოთხოვნას პროკურატურა დააკმაყოფილებს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს იმედი აქვს, რომ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ მოთხოვნას პროკურატურა დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ ჩაბუქმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას დღეს წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ ჩაბუქსა და მის ოჯახს საფრთხე ემუქრებათ. ადვოკატის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

“პროკურატურას გადავეცით დოკუმენტაცია და მოვითხოვეთ, დაცვის სპეციალური ღონისძიებები ყოფილიყო გატარებული და ველოდებით პასუხს რამდენიმე დღეში” – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი საქართველოში თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ჩაბუქს 19 თებერვალს​წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა კი, სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.