ჩაბრაძე და მამარდაშვილი - ნაკრების ორი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან #1TVSPORT
ჩაბრაძე და მამარდაშვილი - ნაკრების ორი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალდანიშნულმა თავკაცმა ვილი სანიოლმა, მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ფეხბურთელების სია გაასაჯაროვა. მათ შორისაა ეროვნული ლიგის ორი წარმომადგენელი: გრიგოლ ჩაბრაძე (ბათუმის „დინამო“) და გიორგი მამარდაშვილი (თბილისის „ლოკომოტივი“).

 

გრიგოლ ჩაბრაძე სეზონის დასაწყისში შეუერთდა ბათუმის „დინამოს“, მანამდე კი თბილისის „საბურთალოდან“ იჯარის წესით „თელავში“ თამაშობდა. სწორედ თელავურ გუნდში მოახერხა მან გულშემატკივრის ყურადღების მიპყრობა.

ჩაბრაძე ამპლუით მარჯვენა მცველია. კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის ღირსებასაც 2013 წლიდან იცავდა და 150 შეხვედრა გამართა.

2020 წლის სეზონში გრიგოლი თელავში გადავიდა, სადაც 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა. სეზონის ბოლოს ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

2021 წელს ჩაბრაძე ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, სადაც ოთხი შეხვედრა ითამაშა და პირველივე ტურში გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩაბრაძეს მოგებული აქვს, როგორც საქართველოს ჩემპიონატი, ასევე დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი. მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

 

რაც შეეხება 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილს, ის „დინამო თბილისის“ აღზრდილია და იჯარის წესით უკვე მეორე სეზონია, თანაქალაქელი „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავს.

2019 წელს „რუსთავის“ შემადგენლობაში ასევე იჯარის წესით თამაშობდა. გიორგი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

მან კარგი თამაშით თავი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში გამოიჩინა. 2019-20 წლების სეზონში „ლოკომოტივში“, მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 მშრალი მატჩიც ჩაატარა. გიორგი გასულ წელს UEFA-მ 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.

ჩაბრაძის მსგავსად მამარდაშვილსაც ყველა ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს სტუმრად შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 28 მარტს თბილისში „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს საბერძნეთს სალონიკში ეწვევა.

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ცოტნე შაორშაძე