ცესკო - წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68 პროცენტი ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი მამუკა ტუსკაძემ
ცესკო - წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68 პროცენტი ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი მამუკა ტუსკაძემ

სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, ხმების 3,32 პროცენტი მიიღო მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“), 96,68 პროცენტი კი – ზაზა ყურაშვილმა („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“).

პირველადი შედეგები ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გააცნო.

როგორც იოსელიანმა განმარტა, ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლებელი გახდა, კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში მიეღოთ პირველადი, წინასწარი შედეგები.

„საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.

ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა შესაძლებლობა, კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი, წინასწარი შედეგები.

ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელებისთანავე ამოიბეჭდა.

ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 021 ამომრჩეველმა რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია.

ხმების 3,32 პროცენტი (33 ხმა) მიიღო მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის), ხმების 96,68 პროცენტი კი ( 962 ხმა)მიიღო ზაზა ყურაშვილმა (ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო)“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო ელექტრონული საშუალებები, ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემის და ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებები. პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც, ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის პროცედურის გავლა.

„ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლის მოწონება დაიმსახურა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და პროცესის ვიდეოგადაღება.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა განმარტა, მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო-შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება „გუგლდაივის“ ვიდეოპლატფორმაზე.

„კენჭისყრის დღე კანონმდებლოის შესაბამისად წარმატებით დასრულდა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.