ცესკო ვანში, #1 საარჩევნო უბანზე დარღვევის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

13:07, 28.04.2018

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანში, #1 საარჩევნო უბანზე დარღვევის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანში ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი საკონტროლო ფურცლის გარეშე აპირებდა ხმის მიცემას.

მისი განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და საარჩევნო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად.

„სანამ პირველი ამომრჩეველი შეავსებდა საკონტროლო ფურცელს, რიგში მყოფმა დანარჩენმა მოქალაქეებმა გამოთქვეს ხმის მიცემის სურვილი. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ამომრჩევლის მიერ საკონტროლო ფურცლის შევსების პროცესში კომისიამ დანარჩენ მოქალაქეებს სთხოვა მოცდა, მას შემდეგ, რაც შეივსო საკონტროლო ფურცელი და პირველმა მოქალაქემ მისცა ხმა, ამის შემდეგ სხვა დანარჩენ ამომრჩევლებს, რა თქმა უნდა, ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცათ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

მსგავსი