ცესკო - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა
ცესკო - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ინფორმაცია, რომ ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი დიდი დეპარტამენტი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში არსებული რესურსების უფრო გონივრულ გადანაწილებას გულისხმობს და ორიენტირებულია თანამშრომლების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ დისკრედიტაციულად შეფასდა. ამ მიმართულებით გაჟღერდა არაერთი სიცრუე: თითქოს სამი დეპარტამენტი გადადის ცესკო-ს მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში. ორგანიზაციის მიერ დასახელებული სამი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი მაგალითად, არც კი არსებობს.

მოგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რეორგანიზაცია განახორციელა მარტის თვეში. აღნიშნული რეორგანიზაციით მოხდა ცესკო-ს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ისე დახარისხება, რითაც კიდევ უფრო ეფექტური გახდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. მომავალში მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული თუ იქნება, რა თქმა უნდა ეს იქნება ორიენტირებული ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

შეიქმნა ცესკო-ს მდივნის აპარატი, ცესკო-ს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

პრესსპიკერის განცხადებით, სიცრუეა ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკო თანამშრომლებს უკრძალავს მედიასთან კომუნიკაციას.

„დღეს ასევე ითქვა, რომ ცესკო თანამშრომლებს უკრძალავს მედიასთან კომუნიკაციას. ჩვენ კი ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით, იმგვარად, რომ ადმინისტრაციაში მიმდინარე ყველა სიახლე იყოს ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ცესკო მოქმედებს შესამაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის დროს და შესაბამისად, მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და პრესსპიკერი. შეგიძლიათ იხილოთ შინაგანაწესი, სადაც დაცულია მედიასთან ურთიერთობის ყველა სტანდარტი“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ნათია იოსელიანის თქმით, ადგილი აქვს ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობას.

„მანიპულირება თემით, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას თანამშრომლები ტოვებენ და ეს რაიმე კონკრეტულზე მიუთითებს, ასევე არის არასწორი და მიზანმიმართულია ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. არაერთხელ ითქვა ჩვენ მიერ, რომ ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ცესკო-ს დისკრედიტაციაზე და ხშირად გადაიზრდება ხოლმე ხელმძღვანელი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში, რაც ასევე ინსტიტუციას აყენებს ზიანს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის როგორც ადგილობრივ არასამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს და ფაქტობრივი მდგომარეობით თუ სამართლებრივი დოკუმენტებით დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ არის სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.

ასევე, გაისმა დისკრედიტაციული მოწოდებები ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.