ცესკო-ში განმარტავენ, რას ითვალისწინებს სტაციონარებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის მიღებული დადგენილება
ცესკო-ში განმარტავენ, რას ითვალისწინებს სტაციონარებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის მიღებული დადგენილება

ცესკო-ში განმარტავენ, რას ითვალისწინებს სტაციონარებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის მიღებული დადგენილება.

ცესკო-ს იურიდიული სამსახურის უფროსის გიორგი სანტურიანის განცხადებით, მიღებულია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელითაც დაცულია ამომრჩევლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა. იურისტის თქმით, აღნიშნული პროცესი წარიმართა საჯაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით.

„დადგენილების ფარგლებში, გათვალისწინებულია მაქსიმალური ვადები, რომლის ფარგლებშიც, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება, ადმინისტრირება განახორციელოს საარჩევნო პროცესის. რაც შეეხება, თუკი პარალელს გავავლებთ იმ პირებთან, რომლებიც მოთავსებულები არიან სხვადასხვა დაავადების გამო შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში, ვგულისხმობ არაკოვიდინფიცირების გამო, თუკი ისინიც სამედიცინო დაწესებულებებში მოხვდებიან კენჭისყრამდე ერთი-ორი დღით ადრე, კანონმდებლობა ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მათ შეყვანას შესაბამის გადასატან ყუთის სიებში. ასე რომ, ამ თვალსაზრისით პრინციპი ისეთივეა, რომელიც გათვალისწინებული იყო მაგალითად, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პირებისთვის. რაც შეეხება საკონტროლო ფურცელს, დადგენილება ითვალისწინებს საკონტროლო ფურცლის ვალდებულებას. ცესკო-მ განკარგულებით დაადგინა საკონტროლო ფურცელის ფორმა. ასე რომ, კენჭის ყრის დღეს, აღნიშნულ სპეციალურ უბნებზე, ასევე გადასატან ყუთებში მოთავსებული იქნება საკონტროლო ფურცელი“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ამასთან, როგორც სანტურიანმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კენჭის ყრამდე ერთი ან ორი დღით ადრე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და მას საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეეძლება, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ დროს არჩევნებში ნების გამოხატვა არის შეუძლებელი, ვინაიდან გადასატანი ყუთის მაქსიმალური ვადა ამოწურულია.

„გათვალისწინებულია მაქსიმალური ვადები სიების გადმოცემასთან დაკავშირებით, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნას პროცესის ადმინისტრირება. კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ და გავავლოთ პარალელი, ამომრჩეველი, რომელიც გარკვეული დაავადების გამო შესაძლებელია მოხვდეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას არ შეუძლია გამოცხადდეს უბანზე, თუკი ასეთი შემთხვევა ხდება კენჭის ყრის დღესთან ძალიან ახლოს, არაუგვიანეს ერთი – ორი დღისა, ამ დროს შეუძლებელია ნების გამოხატვა, რადგან შესაბამის სიებში მისი შეყვანის ვადა ამოწურულია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, არსებობს შესაბამისი მაგალითები საარჩევნო კანონმდებლობაში და შეუძლებელია ნებისმიერ დროს, თუნდაც ავიღოთ კენჭის ყრის წინა დღე, თუკი ადამიანი ავად გახდება, შეუძლებელია მისი შეყვანა შესაბამის გადასატანი ყუთის სიაში. ვადები აღებულია იმის მიხედვით რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა ჰქონდეს პროცესის ადმინისტრირება მოახდინოს“, – აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.

ასევე, როგორც სანტურიანმა განაცხადა, საარჩევნო უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიაორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, კენჭისყრის პროცესს დააკვირდნენ.

„დადგენილებით გათვალისწინებულია, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. უბნებზე სადამკვირველო ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიაორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, დანიშნონ საკუთარი წარმომადგენლები, პროცესი წარიმართება საკმაოდ საჯაროდ, ასე რომ, ყველას შესაძლებლობა ექნება, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, ის წარიმართა საკმაოდ ღიად, ბევრი წარმომადგენლის მონაწილეობით. ამ თვალსაზრისით, გათვალისწინებული იყო ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც პროცესის საჯარო წარმართვას ითვალისწინებს. ამავე დადგენილებით, გათვალისწინებულია ყველა ის უწყება, რომელიც ვალდებულია ცესკო-ს გადმოსცეს დადგენილებაში მითითებული პირების შესახებ მონაცემები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ყველა ის პირი, ვინც თვითიზოლაციაშია და ამგვარი სტატუსი მინიჭებული აქვს შესაბამისი უწყებების მხრიდან, 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე ვალდებული იქნებიან მიმართონ ცესკო-ს სპეციალურ ცხელ ხაზს, რომლის საფუძველზეც შეყვანილი იქნებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. აქაც მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ყველა ის ვადა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო ადმინისტრაციას, მოახდინოს პროცესის ადმინისტრირება“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს.
სამადაშვილის განცხადებით, ცესკო-ს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება და არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების უფლებების დაცვა.