ცესკო-ში ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატები 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
ცესკო-ში ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატები 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დღეის მდგომარეობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატები 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, მსურველებს ცესკო-ში განაცხადების შეტანა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ.

„სულ 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატები. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღისა რეგისტრირებულ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, განაცხადებით მომართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვების პროცედურები და მათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა უნდა წარმოადგინონ ხელმოწერები ცესკო-ში. შემდეგ ხელმოწერების შემოწმებას დავუწყებთ. კანონმდებლობით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

უკვე წარდგენილი კანდიდატები არიან – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“  – ლევან ჩხეიძე; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – ვახტანგ გაბუნია; „სამოქალაქო პლატფორმა-ახალისაქართველო“ – ზვიად ბაღდავაძე; პარტია „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი; „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – მიხეილ გელა სალუაშვილი; საინიციატივო ჯგუფი (ელგუჯა ბურდული, ელგუჯა შვანგირაძე, ეკატერინე სოხაძე, მარიამ მამაცაშვილი, იოსებ მაისაშვილი, სოფიო კანაშვილი, თეიმურაზ მჟავია) – კახაბერ ჭიჭინაძე; „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – დავით ბაქრაძე; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ზვიად იაშვილი; საინიციატივო ჯგუფი (ოთარ კევლიშვილი , ნოდარ ღვინიაშვილი, ლილი გულუა, ავთანდილ ტორონჯაძე, ჯიმშერ ღვინიაშვილი) – გია ჩხიკვაძე; „წმინდა ილია მართლის საზოგადოება” – გია ჩხიკვაძე; „შენების მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“  – დავით უსუფაშვილი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.