ცესკო-ში აცხადებენ, რომ რუსთავსა და გარდაბანში არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა
ცესკო-ში აცხადებენ, რომ რუსთავსა და გარდაბანში არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ამ დრომდე როგორც რუსთავში, ისე გარდაბანში არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ბათუმს, მისი თქმით, №79 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთი საჩივარი შევიდა, მათ შორის ორი წარდგენილია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, სამი კი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ.

„საჩივრები ეხება უბნის მოწყობის წესის დარღვევას და პროცედურულ ხარვეზებს. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას თითოეულ საჩივარზე ექნება შესაბამისი რეაგირება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ პროცედურულ ხარვეზებს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს, შეისწავლის და გადაწყვეტილებებს მიიღებს რეგისტრაციიდან ოთხი დღის ვადაში“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ნათია იოსელიანი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში, დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა; საჯარო პოზიციას მედიაში აფიქსირებს ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძეც, რომელიც შეგახსენებთ, რომ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით ინიცირებული რეფორმის საფუძველზე, ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკო-ში წარდგენილი წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილედ აირჩა.

მისი ერთ-ერთი განცხადება შეეხებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო აგიტაციის წესის შესაძლო დარღვევას, აღნიშნული კი საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური პოზიცია. განვმარტავთ, რომ გიორგი სიორიძის მიერ ცალკეული მედიასაშუალებებისთვის გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მის პირად დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და პერიოდულად გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ: ამომრჩევლების აქტივობაზე, ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარე საპილოტე პროექტზე და, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში გავაგრძელებთ აქტიურად თქვენს ინფორმირებას.

აქვე მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე დარჩა სულ რაღაც სამი საათი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.