ცესკო-ში აცხადებენ, რომ ჰქონდათ სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება, კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნათ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები
ცესკო-ში აცხადებენ, რომ ჰქონდათ სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება, კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნათ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები

ცესკო-ს ჰქონდა სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება, კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცესკო-ს შესაბამისი წერილით  პირველ ივნისს მომართა და მასში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის წევრს ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. შესაბამისად, ცესკო-ს გააჩნდა სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნა თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

აქვე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ხდება ამ განცხადების წარდგენიდან მომდევნო დღეს და საკრებულოს მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება თუ როდის მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღება არ ცვლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტულ დღეს. ასევე, შუალედური არჩევნების დანიშვნისთვის საკრებულოს სხდომაზე ფაქტის ცნობად მიღება/არ მიღება არ წარმოადგენს ცესკო-სთვის სავალდებულო იურიდიულ გარემოებას.

შესაბამისად, შუალედური არჩევნების ოქტომბერში დანიშვნის ერთადერთი ლეგიტიმური გარემოება არის ის ფაქტი, რომ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 ივნისამდე, რაც სახეზეა და დასტურდება საკრებულოს მიერ ცესკოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, შუალედური არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში. სანტურიანი იმედოვნებს, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.

​„მიმდინარე წლის პირველ ივნისს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილი იქნა წერილობითი ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, რომლის თანახმად, საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება. შესაბამისად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა მოქმედი რეგულაციებით და კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება.

მართალია აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და სხდომა გაიმართება დღეს, 16:00, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო-მ იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება დატოვებული“,- განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.