ცესკო-ში აცხადებენ, რომ ბათუმის 23-ე და 76-ე საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა და კენჭისყრის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
ცესკო-ში აცხადებენ, რომ ბათუმის 23-ე და 76-ე საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა და კენჭისყრის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ბათუმის 23-ე და 76-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც დილით ტექნიკური ხარვეზის გამო კენჭისყრის პროცესი შეფერხდა, პრობლემა აღმოფხვრილია. ამის შესახებ მან საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებული ხარვეზი გასწორებულია და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

„23-ე უბანზე პრობლემა აღმოფხვრილია. იქ პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ჩანაცვლდა ვერიფიკაციის აპარატი ალტერნატიული აპარატით. ჩვენ ვაკვირდებით როგორ წავა პროცესი და როგორ მიიღებს ამას ამომრჩეველი. პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არც ერთ უბანზე შეფერხება არ არის და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამომრჩევლები მარტივად ახერხებენ პროცესის გავლას. 76-ე უბანზეც იყო მსგავსი ხარვეზი ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით, აქაც პრობლემა უკვე მოგვარებულია და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ბათუმში, სადაც ორ საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით მიმდინარეობს, ვერიფიკაციის აპარატის ხარვეზის გამო, კენჭისყრა შეფერხდა.

დღეს ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული – „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე.

ოლქში 26 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.