ცესკო-ში აცხადებენ, რომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა დასრულდა
საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკო-ს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის რვა ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ცხრა აპარატი და შვიდი პლანშეტი, რომელთაგან სამი იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
„საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკო-ს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან ოთხ უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.