ცესკო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცესკო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცესკოში აცხადებენ, იმისთვის, რომ მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

„საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკო-სთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და ვადები.

ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს“,- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.