ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა აუცილებელია
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა აუცილებელია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დღევანდელი სხდომის წამყვანის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში აუცილებელია მონაწილეობა და არა გაქცევა, მით უმეტეს, თუ აღნიშნული ნაბიჯი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით.

შარაბიძემ აღნიშნული განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით გურგენიძის პოზიციის პასუხად გააკეთა, რომელმაც ცესკო-ს სხდომა, სადაც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

„სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. ცვლილებები არის აუცილებელი, წლების განმავლობაში წვალებით აშენებული ნდობა რომ არ ჩამოიშალოს, თუ არ ჩამოიშალა უკვე. მე, როგორც ცესკო-ს წევრი, პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას. ოპოზიციის ხმების გარეშე, ერთპარტიულად არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე იქნებ საგანგაშო იყოს მმართველი გუნდისთვის და დაიწყოს საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის ცვლილება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ამის საპასუხოდ გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, რომ ცესკო-ში თუნდაც პარტიული კვოტით წარდგენილი წევრები ნეიტრალური უნდა იყვნენ და სამწუხაროა, რომ ეს ასე არ არის.

ცესკო დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. ამ თანამდებობაზე წარდგენილი არიან ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

სხდომაში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია არ მონაწილეობს.