ცესკო-ს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

16:49, 17.09.2026

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცესკო-ს პრესსამსახურის ცნობით, მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა, ასევე 3 ოქტომბერს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. ცესკო-ს თავმჯდომარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, ასევე რეგისტრაციის ვადების შესახებ. ისაუბრა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება.

„ცესკო-ს თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, მათ შორის ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და რეგიონებში საგანმანათლებლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, საერთო ჯამში, 5000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია და ისაუბრა ცესკო-ს ახალი ვებგვერდის, disinfo.cec.gov.ge-ს შესახებ, რომელიც  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.

შეხვედრის მონაწილეებს ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე“, – აღნიშნულია ცესკო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი