ცესკო-ს თავმჯდომარემ ნორვეგიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ცესკო-ს თავმჯდომარემ ნორვეგიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში  ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

ცესკო-ს ცნობით, საუბრის ძირითადი თემა კი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება და აღნიშნულ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება იყო.

გიორგი კალანდარიშვილმა ნორვეგიის ელჩს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ისაუბრა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიაზეც, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ტექნოლოგიური ინტერვენციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს. დღეს საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნორვეგიის ელჩთან საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 2024 წლის არჩევნების მზადების პროცესზე, ასევე ვისაუბრეთ უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ, რათა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და საქმიანობების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო და
ევროპული სტანდარტებით ჩასატარებლად ახორციელებს,” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მისი განვითარების გზებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.