ცესკო-ს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას სხდომა დაატოვებინა
ცესკო-ს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას სხდომა დაატოვებინა

ცესკო-ს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას სხდომა დაატოვებინა.

თამარ ჟვანიამ სხდომაზე მყოფ ორ ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა და სთხოვა, რომელიმე მათგანს სხდომა დაეტოვებინა, რადგან კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს სხდომაზე დასწრების უფლება.

„თინა ბოკუჩავას ხმა ვიცანი, ლევან ბეჟაშვილიც აქ არის და ძალიან გთხოვთ, შეთანხმდით და ერთ-ერთმა მათგანმა დატოვეთ სხდომა, კანონს ნუ დაარღვევთ, კანონისა და პრესტიჟის თემაა“, – მიმართა თამარ ჟვანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

ჟვანიას ეს გადაწყვეტილება თინა ბოკუჩავამ გააპროტესტა და სხდომა დატოვა, თუმცა ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ ლევან ბეჟაშვილის მიერ პოზიციის გამოთქმის შემდეგ, მასაც მიეცემა პარტიის პოზიციის გამოთქმის საშუალება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად უნდა შეაჯამოს. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური შედეგების ოფიციალური შეჯამებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება.