ცესკო-ს თავმჯდომარემ და USAID-ის მისიის დირექტორმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს
ცესკო-ს თავმჯდომარემ და USAID-ის მისიის დირექტორმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, ჯონ პენელს, მის მოადგილეს, ლისა კოვაკსა და ორგანიზაციის პოლიტიკურ ოფიცერს, გივი ტიბანელს შეხვდა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევები და საჭიროებები, ასევე 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ცესკო-ს თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). დღევანდელ შეხვედრაზე მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და პერსპექტივებზე. ვფიქრობ, საარჩევნო რეფორმის აღსრულების ჭრილში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება. ჩართული მხარეებისა და, განსაკუთრებით, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც თავისთავად სასიკეთოდ აისახება საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა 9 იანვარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.