ცესკო-ს პრესსპიკერი – ვერიფიკაციის აპარატს საუბნო საარჩევნო კომისიები რადგანაც პირველად იყენებენ, ყველა შესაძლო ხარვეზი წინასწარ გათვალისწინებული და დაზღვეული იყო

13:44, 02.04.2022

ვერიფიკაციის აპარატს საუბნო საარჩევნო კომისიები რადგანაც პირველად იყენებენ, ყველა შესაძლო ხარვეზი წინასწარ გათვალისწინებული და დაზღვეული იყო, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანმა კომენტარი გააკეთა ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.

„რაც შეეხება 89-ე უბანზე განვითარებულ მოვლენებს – პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით ემზადებოდა 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის და რადგან ვერიფიკაციის აპარატს საუბნო საარჩევნო კომისიები პირველად იყენებენ, ყველა შესაძლო ხარვეზი წინასწარ გათვალისწინებული და დაზღვეული იყო.

89-ე საარჩევნო უბანზეც სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ვერიფიკაციის ერთი აპარატი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ნაბეჭდი ვერსიით ჩანაცვლდა, ამომრჩეველთა იდენტიფიცირება კანონით დადგენილი პროცედურებით გრძელდება და საარჩევნო პროცესს ხელი არ ეშლება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებულია ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 14-ივე საარჩევნო უბანზე პირველად იყენებენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს.

დღეს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

მსგავსი