ცესკო-ს პრესსპიკერი - მაქსიმალურად ვცდილობთ, კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეეშალოს
ცესკო-ს პრესსპიკერი - მაქსიმალურად ვცდილობთ, კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეეშალოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეეშალოს.

ნათია იოსელიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ბათუმის 89-ე, 90-ე, 92-ე და მე-100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება“.

„მაქსიმალურად მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს და გვესმის, რომ უბანი არ არის განთავსებული ისეთ ფართში, რომ იყოს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მაგრამ მთავარია, ამომრჩეველს მივცეთ შესაძლებლობა, არ შეფერხდეს, შევუწყოთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციას და თუ რაიმე ტიპის გადაცდომა ან დარღვევაა, დაწერონ განცხადება/საჩივარი და არ დაიწყონ უშუალოდ საარჩევნო უბანზე ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადატანა. თავიანთი კომპეტენციების მიხედვით უნდა იმოქმედონ მათ. როდესაც ვსაუბრობდი განცხადება-საჩივრებზე, ვთქვი, რომ უბნის მოწყობასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი. ამ საკითხებით აუცილებლად დაინტერესდება საოლქო-საარჩევნო კომისია, შეისწავლის და თითოეულ საჩივარზე რეგისტრაციიდან ოთხი დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.