ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმათა 86.09% მიიღო
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმათა 86.09% მიიღო

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც Reuters წერს, აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის, დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 65% და ილჰამ ალიევს ხმათა 86.09% აქვს.

„მადლობელი ვარ, რომ ჩვენმა ხალხმა მხარი დაუჭირა ჩვენს მიღწევებსა და წარმატებებს. ხალხმა არჩევანი გააკეთა სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ცესკო-ს მიერ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

მმართველმა პარტიამ ალიევის გამარჯვება საარჩევნო უბნების დახურვიდან ორი საათის შემდეგ იზეიმა.

„ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთა, ეს არჩევანი ილჰამ ალიევია. ეგზიტპოლების შედეგებით, ალიევმა არჩევენბში მონაწილეთა ხმების 80-85%  მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ალი ახმედოვმა.

როგორც Reuters წერს, აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 75% იყო და დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები არ შესულა.

საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 426 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

 

წყარო: Reuters