ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ

ცესკო-ს წინასწარი პირველადი მონაცემებით, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. ამ დროის მონაცემებით, მეორე ტურის ალბათობა ჯერჯერობით არც ერთ ოლქში არ იკვეთება, თუმცა უბნების ნაწილი ჯერ კიდევ დასათვლელია.

90-დან 81 უბანია დათვლილი მარნეულში. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატ ზაურ დარგალს ხმათა 78.68 პროცენტი აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ აკმამედ იმამკულიევს 11.66 პროცენტი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ აგილ მუსტაფაევს 11.06 პროცენტი.

მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ლიდერობს ზესტაფონშიც, სადაც 53-დან 52 უბანი უკვე დათვლილია. გოგლიჩიძეს  ხმათა 50.57 პროცენტი ერგო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელსაც 34.29 პროცენტი აქვს. ანზორ ნებიერიძემ 2.66 პროცენტი, გიორგი წულაიამ 5.83 პროცენტი, ხოლო ვახტანგ რობაქიძემ 5.17 პროცენტი მიიღეს.

ჭიათურაში უკვე დათვლილია 58-დან 57 უბანი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ გივი მოდებაძეს 64.37 პროცენტი აქვს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურაბ კუპატაძემ – 18.1 პროცენტი მიიღო. კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დავით ჭუმბურიძემ  კი 15.26 პროცენტი დააგროვა.

54-დან ყველა უბანი დათვლილია ხულოშიც, სადაც წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა ხმათა 70.91 პროცენტით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ კი 27.79 პროცენტი მიიღო.