ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 33.5 პროცენტს შეადგენს
ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 33.5 პროცენტს შეადგენს

17:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამომრჩევლებმა კარგად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ არჩევანს.

„საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. უპირველესად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე, ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში.

შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი.

როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

ცესკო-ს თავმდჯომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათში გახდება ცნობილი.