ცესკო-ს დელეგაცია, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, კალიფორნიის შტატში პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა
ცესკო-ს დელეგაცია, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, კალიფორნიის შტატში პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესში გამართულ პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა. ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია კალიფორნიაში ლოს ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის  ხელმძღვანელის, დინ ლოგანისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკო-ს წევრები – გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი.

„დელეგაციის წევრები არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და იმ სიახლეებს გაეცნენ, რომლებიც ამ არჩევნებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა. კერძოდ კი,  ყველასთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო უნიკალური სისტემის (VSAP) ინოვაციებს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და დეტალურად გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას. შეისწავლეს სასაწყობე ინფრასტრუქტურის მუშაობა, ასევე იმყოფებოდნენ დათვლის ახალ ცენტრში და გაეცნენ იქ არსებულ ბიზნესპროცესებს და ოპერაციებს.

ვიზიტის ფარგლებში, ცესკო-ს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლოს ანჯელესის ოლქის ადმინისტრაციის მთავარ მოხელეს, დინ ლოგანს, მის მოადგილეს, ჯერემი გრეის, Transparencia Electoral-ის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო ხელშეწყობის კომისიის წევრს, კრისტიან მაკკორმიკს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, შეხვედრების ძირითადი თემა საარჩევნო საკითხებზე გამოცდილების ურთიერთგაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იყო.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო მიმართულება იყო ამომრჩეველთა ინფორმირება, ლოგისტიკური საკითხები, ბიზნესპროცესები, საწყობის მართვა, დეზინფორმაციასთან გამკლავება. ძირითადად ამ საკითხებზე გვქონდა განხილვა. დინ ლოგანთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ისე ჩვენი ინსტიტუციების თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეთანხმდით ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც დადებითად აისახება ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო პერიოდში ეს არის ცესკოს დელეგაციის მესამე ვიზიტი აშშ-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ახალ სასაწყობე სისტემას ვაყალიბებთ. რა თქმა უნდა, ამ ღირებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება ეფექტიანად აისახება ჩვენი საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებაზე, დახვეწასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებაზე“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ სადამკვირვებლო მისიით მყოფი სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, განიხილეს სხვადასხვა საარჩევნო საკითხი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, – აღნიშნულია ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციაში.