ცესკო-ს ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ 26.29 პროცენტი შეადგინა, ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიიის ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა.
როგორც ცესკო-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია – 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევი – 20.04%.
ცესკო-ს ცნობით, რეგიონების მიხედვით ამომრჩევლის აქტივობა ასეთი იყო: აჭარა – 30.29%, თბილისი – 21.9%, იმერეთი -27.6%, კახეთი- 33.7%, მცხეთა-მთიანეთი – 32.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 28.6%, ქვემო ქართლი – 29.2%, შიდა ქართლი – 33.2%.
რაც შეეხება აქტივობას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 22.44% შეადგინა, ვაკეში – 21.68%,საბურთალო – 21.07%, ისანი – 21,55%, სამგორი – 22.77%,დიდუბე, ჩუღურეთი -25.02%, ნაძალადევი – 20.04%, გლდანი – 20.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – 33.72%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – 32.49%, რუსთავი, გარდაბანი – 29.23%, ხაშური, ხაშური -ქარელი – 33,21%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – 34.51%, ქუთაისი – 21.83%, ზუგდიდი – 28.58%, ბათუმი- 24.35%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო -39.29.
ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატან ყუთს, ისინი უბნებზე 21:00 საათისთვის დაბრუნდა.
ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკო-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც 100-ზე მეტ დარღვევაზეა საუბარი, როგორც ცესკო-ს სპიკერი აცხადებს, მხოლოდ ორი საჩივარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლის შესახებ დაწერილი და ეს ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.
„ჩვენ გავეცანით საია-ს ანგარიშს და როგორც სამგორის, ასევე კრწანისის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ, საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული საჩივრები. საია-ს აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე აღმოიფხვრა ადგილზე და ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ ხარვეზები ეხება ცალკეულ უბნებს. მათი შეფასებით, ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.