ცესკო - მიხეილ სააკაშვილი ღიად ცდილობს ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას დეზინფორმაციით, თითქოს სისტემა, რომლის დანერგვაც მიმდინარეობს, რუსულის ანალოგია
ცესკო - მიხეილ სააკაშვილი ღიად ცდილობს ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას დეზინფორმაციით, თითქოს სისტემა, რომლის დანერგვაც მიმდინარეობს, რუსულის ანალოგია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ ერთხელ გახდა დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნე.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღიად ცდილობს საარჩევნო პროცესის და ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას დეზინფორმაციული განცხადებით, თითქოს სისტემა, რომლის დანერგვაც მიმდინარეობს საქართველოში, რუსულის ანალოგია.

„მაშინ, როდესაც არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა და საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღიად ცდილობს საარჩევნო პროცესის და ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას დეზინფორმაციული განცხადებით. სიცრუეა მისი განცხადება, თითქოს სისტემა, რომლის დანერგვაც მიმდინარეობს საქართველოში, რუსულის ანალოგია. სინამდვილეში, პროცესის არცერთ ეტაპზე სისტემა არათუ არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავდება და გაცილებით მეტად დაცულია, ნებისმიერი, მათ შორის კიბერჩარევებისგან. შედარებისთვის საკმარისია ითქვას, რომ მოდერნიზებული საარჩევნო სისტემა, რომელმაც პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა, რუსულისგან განსხვავებით, არც ვერიფიკაციის და არც ხმის თვლის კომპონენტში ინტერნეტის გამოყენებას არ ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება, მათ შორისაა აშშ, კანადა, ბელგია, ალბანეთი, გერმანია და ა.შ. ასევე, მოქმედი სისტემა გაივლის ყოველმხრივ აუდიტს ამერიკული დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ და მისი დასკვნა საჯარო იქნება საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო-ს განცხადებითვე, ტყუილია ექსპრეზიდენტის განცხადებაც, რომ ელექტრონული სისტემის დანერგვა ფაქტობრივად აუქმებს არჩევნებს.

„სინამდვილეში, დღემდე ჩატარებულმა რვა საპილოტე პროექტმა 16 მუნიციპალიტეტში აჩვენა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ ხელი შეუწყო ღიაობას, კენჭისყრის დღის პროცედურების გამარტივებას, რამაც სრულიად გამჭვირვალე გახადა ეს პროცესი. შესაბამისად, ერთადერთი, რასაც აღნიშნული სისტემა ნამდვილად აუქმებს, ესაა სივრცე სპეკულაციებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უკვე ნაცადი ხერხების გამოყენების თვალსაზრისით, რაც შეიძლება იყოს კიდეც ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის „წუხილის“ ნამდვილი მიზეზი.

შესაბამისად, გვინდა, მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გამოეხმაურონ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციისკენ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

ასევე, ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ცესკო-ს განცხადებითვე, საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს დეზინფორმაციისა და სიცრუის თითოეულ ფაქტს და აქტიური საინფორმაციო კამპანიებით ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.