ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს
ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ​ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში, 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 60-ივე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე, პროცედურული დარღვევების გარეშე გაიხსნა. მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს კი სთხოვს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

„საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად დღეს ამომრჩევლებს გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი.

არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

„მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.

24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ნომერია – 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“, – განაცახდა ანა მიქელაძემ.