ცესკო - ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 20.74% შეადგინა
ცესკო - ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 20.74% შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის არსებული საჩივრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ნათია იოსელიანმა განაცხადა, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 20.74%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 443 963 ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

„ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, 30-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები, მისული ამომრჩევლების რაოდენობა რეგიონში – 30 162-ია. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში (№7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) – 16% (21. 641 ამომრჩეველი)“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს, 2016 წელს დაფიქსირდა 30.99% (767 907 ამომრჩეველი).

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ცესკო-ს ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია ხუთი საჩივარი.

როგორც ნათია იოსელიანმა აღნიშნა, სამი საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ ხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანი ყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდება ერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს.

იოსელიანის თქმით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საჩივრებს და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

„შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე – results.cec.gov.ge.

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით ორი საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, – იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.