ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8.33 პროცენტი შეადგინა
ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8.33 პროცენტი შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

მისივე თქმით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს.

ანა მიქელაძის განმარტებით, 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8.33 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს ( 11.8 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში (7, 3 პროცენტი) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში.

„ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ყველა პირობაა შექმნილი ვირუსის პრევენციისთვის. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნევლყოფილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს ათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად ტოვებს საარჩევნო უბანს. ფარული კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“,- განაცხადა ანა მიქელაძემ დღევანდელ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი, მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.