ცერემონიების სასახლეში ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ცერემონიების სასახლეში ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, 2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს ცერემონიების სასახლეში გაიმართა EBRD-ის, ევროკავშირისა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბრიტანული ორგანიზაცია – საპარლამენტო კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ექსპერტებმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ვაჭრობის ხელშეწყობის სფეროში ტრენინგი ჩაუტარეს 60-ზე მეტ დიპლომატს. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოში EBRD-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეზ რუიზმა.

ეკონომიკური დიპლომატიის გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ნოშრევან ლომთათიძემ და ICPS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრეისი დრევეტმა.

გაიმართა დისკუსია თემაზე: Harnessing Shifting Value Chains for Georgia: the Role of Economic Diplomacy, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სხვადასხვა უწყებების, ისე კერძო კომპანიების წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ჯორჯ ველტონი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოების ხელმძღვანელმა პირებმა.