ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე: 1999 წელს დაბადებული ი.პ. და 1990 წელს დაბადებული მ.რ., ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1983 წელს დაბადებული ბ.დ. ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ” და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.