ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. ცესკო-ს წევრები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კალენდარს დაამტკიცებენ.

დღის წესრიგით 14 საკითხია გათვალისწინებული, მათ შორისაა განკარგულება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წარმომადგენელი, დავით კირთაძე საუბნო-საარჩევნო კომისიებში წევრთა შესარჩევი კონკურსის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას მხარი დაუჭირა ორმა წევრმა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის კვოტით წარმოდგენილი წევრის შეფასებით, კომისიების შემადგენლობა მუდმივად არის კრიტიკის საგანი და კომისიის წევრთა კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ მუდმივად ჩრდილს აყენებს არჩევნების პროცესს.

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, როგორც ჩანს, დავით კირთაძე არ იცნობს ახალ რეგულაციებსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, მათ შორის შეზღუდვებია დაწესებული საუბნო/საარჩევნო კომისიებში ნათესაური ნიშნით წევრთა შერჩევაზე.

ცესკო-მ ხმათა უმრავლესობით დღის წესრიგი უცვლელად დაამტკიცა. ცესკო საუბნო/საოლქო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში განცხადებების მიღებას 2 სექტემბრიდან დაიწყებს.

დატოვე კომენტარი