ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც პირველ არხს საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ ძირითადად კიდურების არეში აქვთ დაზიანებები.

„კასპის საავადმყოფოში ექვსი პაციენტია შემოყვანილი. ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის დამაკმაყოფილებელი. სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ძირითადად დაზიანებები კიდურებზე აქვთ. რამდენიმე ტვინის შერყევით რჩება საავადმყოფოში. არც ერთ პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს. ერთი პაციენტის გაწერას დღესვე ვგეგმავთ. ის საავადმყოფოში შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ დატოვებს“, – აცხადებს კასპის საავადმყოფოს ექიმი, ქირურგი მამუკა კორინთელი.

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სამ სხვადასხვა წერტილში ერთმანეთს 25-მდე ავტომობილი შეეჯახა.

მიზეზი გზაზე თოვლი და ლიპყინული გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ამინდი სწრაფად გაუარესდა, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე დაყარეს.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, საპატრულო პოლიცია გზებზე ვითარების დარეგულირებას ცდილობს.