„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე,  სასამართლო პროცესი დაცვის მხარის თხოვნით ისევ გადაიდო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება.

ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე, რომელზეც ბრალდებულები არიან გურამ და მაია რჩეულიშვილები, შემდეგი სასამართლო სხდომა 1-ელ ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

გურამ რჩეულიშვილის დაკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, ამის მიზეზი კომპანია M2-სა და „ცენტრ-პოინტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მშენებლობების დაწყებამდე, ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და სხდომის გადადება ამ მიზეზით ითხოვა.

„ჩვენს ინტერესში შედის ხელშეკრულების შესრულება და მინდა, აქ მყოფებს ეს განვუმარტო. დარჩენილია ტექნიკური დეტალები და ამ სისხლის სამართლის საქმის ბედიც ამ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. დაზარალებულებისთვის ეს კიდევ ერთი ბერკეტი იქნება, რომ მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სხდომის გადადების თხოვნით მოსამართლეს ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმაც მიმართა.

„24-საათიან რეჟიმში მიწევს მუშაობა. ხელშეკრულება რომ ძალაში შევიდეს, სწორედ ამიტომ გთხოვთ, რომ გადადოთ პროცესი”- განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“  და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს. დაახლოებით 4 000 ოჯახი ბინებით 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.