ცელოფნისმაისურიანი ბიჭუნას ვინაობა ცნობილია
ცელოფნისმაისურიანი ბიჭუნას ვინაობა ცნობილია

ფოტომ, რომელზეც ასახულია პოლიეთილენის პარკისაგან გაკეთებულ საფეხბურთო „მაისურში“ გამოწყობილი ბიჭუნა, ცოტა ხნის წინ მსოფლიო ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო. როგორც ჩანს, ბიჭის ვინაობა უკვე ცნობილია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ფოტოზე ასახული ბიჭი ერაყში მაცხოვრებელი ქურთი იყო. თუმცა, როგორც BBC-ი იუწყება, ბიჭუნა, რომელი „მესის ყველაზე დიდ თაყვანისმცემლად“ შეირაცხა, ხუთი წლის მურთაზა აჰმადია და სინამდვილეში, ის ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

ინტერნეტში აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია უცნობი ბიჭის მოსაძებნად, თუმცა არსებობდა მისი მხოლოდ ერთი ფოტო – პატარა ბავშვი, რომელიც ზურგით დგას და აცვია პოლიეთილენის პარკისგან გამოჭრილი ლიონელ მესის საფეხბურთო „მაისური“. ფოტო ვირუსივით მოედო ინტერნეტს და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიჭუნა ერაყში მაცხოვრებელი ქურთი იყო; მისი მოძებნა შემდეგ თავად „ბარსელონას“ ვარსკვლავმაც მოისურვა, რომელსაც ბიჭისთვის საკუთარი მაისურის ჩუქება უნდოდა.

ცოტა ხნის წინ, ავსტრალიაში მაცხოვრებელმა ავღანელმა აზიმ აჰმადმა თავისი ძმიშვილის, მურთაზას ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ორიგინალ ფოტოზე ასახული ბიჭი სწორედ ისაა. მსგავსება ამ ფოტოებსა და მესის უდუმალი თაყვანისმცემელის ფოტოს შორის, მართლაც გასაოცარია.

აზიმმა BBC-ი საკუთარ ძმასთან და ბავშვის მამასთან, არიფთან დააკავშირა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბიჭუნა, რომელსაც მთელი ინტერნეტ-სივრცე ეძებდა, ნამდვილად მისი შვილია.

არიფის თქმით, ფოტო, რომელზეც ასახულია ცელოფნის პარკისგან დამზადებულ მესის მაისურში გამოწყობილი მურთაზა, მისმა უფროსმა ვაჟმა – ჰამაიონმა გადაიღო და Facebook-ზე ატვირთა. ოჯახი აღმოსავლეთ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის ჯაღორის რაიონში ცხოვრობს.

ბიჭის მამის თქმით, „ამ პატარა ბავშვს მართლაც უყვარს მესი და ფეხბურთი. მშობლებს მისთვის მაისურის შეძენის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან მე უბრალო გლეხი ვარ. ამიტომაც, ბავშვებმა მაისური ცელოფნისგან გამოჭრეს“.

მისივე თქმით, მურთაზამ უკვე იცის, რომ ის ახლა საქვეყნოდაა ცნობილი, „რითაც უზომოდ ბედნიერია“.

„ამის შესახებ მან იმ მეგობრებისგან გაიგო, რომელთაც ინტერნეტი აქვთ. მათ ეს ამბავი თავად გვამცნეს. ჩემი უფროსი შვილი იმედოვნებს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნები მესისთან შეხვედრაში დაგვეხმარებიან და ვინ იცის, იქნებ ჩემი შვილიც ისეთივე წარმატებული ფეხბურთელი გახდეს, როგორიც ისაა“, – ამბობს პატარა მურთაზას მამა.

ამის საპირისპიროდ, სხვა ინფორმაციას ავრცელებს ქურთული ტელეარხი Kurdistan TV, რომელმაც ფოტოზე ასახულ ბიჭუნად ერაყში მაცხოვრებელი სხვა ბავშვი გამოაცხადა. ტელეკომპანიის ცნობით, ბავშვს ქალაქ დაჰუკში მიაკვლიეს და მისი სახელია ჰომინი.

თუმცა, ქურთული ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, ჭორს ეფუძნება, რადგან როგორც BBC-ს შვედმა სტუდენტმა განუცხადა, გასულ კვირას, მან Twitter-ის ანგარიშზე @illMindOfRobin, საკუთარი ხელით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ბიჭი დაჰუკში ცხოვრობდა, რადგან მას მსოფლიო ყურადღების მიპყრობა სურდა ამ პატარა ქალაქისადმი, საიდანაც მისი ოჯახია შევდეთში გადასახლებული.

წყარო: BBC