„ცეკვა თავისუფლებისთვის“ - პარლამენტის შენობასთან აქცია ამ სახელწოდებით გრძელდება [ფოტო/ვიდეო]

„ცეკვა თავისუფლებისთვის”, – პარლამენტის შენობასთან აქცია ამ სახელწოდებით გრძელდება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც სიტყვით გამოსვლისას აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სცენაზე სპეციალური აპარატურა დამონტაჟდა, სადაც დიჯეები დაუკრავენ.

მათი თქმით, თუკი ხელისუფლებას კლუბების დახურვა სურს, საპასუხოდ პარლამენტთან ღია საკლუბო სცენა მოეწყობა, სადაც ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები სოლიდარობის ნიშნად დაუკრავენ.

„პარლამენტს ვაქცევთ დიდ კლუბად“, – განაცხადეს რუსთაველზე შეკრებილებმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი დაემატა, ისინი ქვეყანაში „ცეკვის თავისუფლებას” ითხოვენ.

მათი მტკიცებით, აპირებენ 17 მაისი და 26 მაისი ამ ფორმით, პარლამენტთან იზეიმონ.

რუსთაველზე, პარლამენტთან აქცია 15:00 საათიდან მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანისა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.