ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურიაში ორი პირი დააკავეს

11:23, 24.07.2025

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1962 წელს დაბადებული თ.ძ. და 1998 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დააკავეს.

„პოლიციამ დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნაგანის სისტემის რევოლვერი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, F1 ტიპის ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით, გპ-25-ის სასროლი მოწყობილობა ათი ჭურვით, სამი მჭიდი და 194 ვაზნა ამოიღო. სამართალდამცველების მიერ ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი“ და „ბუპრენორფინი““, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი