ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ბ.ი. თბილისში დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბ.ი.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, „აკს-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „უზკონის“ მოდელის თოფი, მჭიდი და 37 ვაზნა ამოიღეს.

„სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.