ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ., 1997 წელს დაბადებული გ. ქ. და 1979 წელს დაბადებულ რ. ვ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა რ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „აკს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარში დააკავეს მ.კ. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ „ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

სამართალდამცველებმა გ.ქ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაცნობთან სტუმრად იმყოფებოდა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება რ.ვ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების, ხოლო მ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.