Cambridge Analytica-ს გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს
Cambridge Analytica-ს გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

Cambridge Analytica-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ნიქსი თანამდებობიდან გადააყენა. ის დირექტორის პოზიციას გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორდება.

საბჭოს გადაწყვეტილება უკავშირდება Channel 4-ის მიერ გავრცელებულ ნიქსის განცხადებებს, რომელიც ტელეარხმა ფარულად ჩაწერა. საბჭოს განცხადებით, ნიქსის გამონათქვამები შეუსაბამოა ფირმის ფასეულობებთან.

Cambridge Analytica-ში აცხადებენ, რომ მსგავს დარღვევებს დიდი სერიოზულობით ეკიდებიან.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვაც სურთ. საქმე Facebook-ის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების Cambridge Analytica-სთვის გადაცემას ეხება. როგორც BBC წერს, მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა.

საქმეზე გამოძიება 18 მარტს დაიწყო.

იმის შესახებ, რომ ევროკავშირი Facebook-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოიძიებს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

ბრალდების ვერსიით, 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში Facebook-მა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად სოციალური ქსელის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ანგარიში მათი ინფორმირების გარეშე გამოიყენა.

20 მარტს კი Channel 4-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს ალექსანდრ ნიქსის საუბარი პოტენციურ კლიენტთან. აქ ნიქსი ამბობს, რომ Cambridge Analytica დონალდ ტრამპის შტაბისთვის ინტერნეტში კამპანიას აწარმოებდა და სოციალური ქსელის მონაცემებს იყენებდა.