ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს პოლიცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა.

მათივე ცნობით, სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად ეხმარებიან.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პ

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს უწევს მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ არის შეზღუდული და არც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ ამოქმედებულა.