C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამატებითი დაწესებულებები გაიხსნება
C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამატებითი დაწესებულებები გაიხსნება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანა დეცენტრალიზაციაა.

დეცენტრალიზაცია მოქალაქეებისთვის დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.

„თავიდან მხოლოდ მცირე რაოდენობის სპეციალიზირებულ კლინიკებში შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა; მართალია, ამ კლინიკების რაოდენობა  გაიზარდა, მაგრამ დეცენტრალიზაციის შინაარსია, მნიშვნელოვნად, ჯერადობით გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ყველა რაიონში მინიმუმ ერთი დაწესებულება და დიდ ქალაქებში დამატებით დაწესებულებების გახსნა; რაც მთავარია, ოჯახის ექიმების გადამზადება და ჩართვა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, პროგრამის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა მომსახურების მიწოდების შესაძლებლობებთან შედარებით, ბევრად მაღალი იყო.

„ამიტომ პროგრამაში ჩართულობის  გარკვეული კრიტერიუმები იყო დაწესებული. ეს იყვნენ პაციენტები, რომლებმაც იცოდნენ დაავადების შესახებ და აწუხებდათ, ძირითადად შორს წასული შემთხვევები. ახლა კი, ჩვენი გათვლებით დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ დაავადება აქვს და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საინფორმაციო კამპანია, ასევე, რაც ყველაზე პრაგმატულია, ე.წ. სკრინინგული კვლევები“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, კვლევა პაციენტებისთვის უფასოა და პასუხის მიღება 15 წუთშია შესაძლებელი.

„ეს არის მარტივი ტიპის კვლევა, რომელიც პაციენტისთვის უფასოა. თითში ჩხვლეტიდან 15 წუთის განმავლობაში იგებს პასუხს და ამით,  უკვე მილიონ ნახევარი ადამიანი გვყავს მოცული, თუმცა სამიზნე რაოდენობა ორმილიონ ნახევარია და ვფიქრობთ, ამასაც დავძლევთ“, –  განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პირველი გენერაციის პრეპარატით მკურნალობა წარმატებული იყო  პაციენტების 86%-ში, ხოლო მეორე გენერაციის პრეპარატით პაციენტების 98,2%-ში.

„პრაქტიკულად, 100%-ით მოხდა ამ პაციენტების განკურნება. ერთეულები რჩება, რომელსაც სქემას შევთავაზებთ, თუ როგორ განიკურნონ“, – განაცხადა სერგეენკომ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს.