ბუტა რობაქიძის საქმეს ია მეტრეველის მიერ პირველ არხზე გაკეთებული განცხადება მტკიცებულებად დაერთო
ბუტა რობაქიძის საქმეს ია მეტრეველის მიერ პირველ არხზე გაკეთებული განცხადება მტკიცებულებად დაერთო

ბუტა რობაქიძის საქმეს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ია მეტრეველის მიერ გაკეთებული განცხადების ნაწილი მტკიცებულებად დაერთო.

აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა დღეს დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებით, ისინი მტკიცებულებად იმ ნაწილის დართვას ითხოვენ, სადაც ია მეტრეველმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, გურამ დონაძეს ვიდეოფირი შსს-ს მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მოთხოვა.

ამასთან, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება.

როგორც პირველ არხს საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომაზე მალე წარსდგება და 2004 წლის ვითარებაზე ისაუბრებს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.