ბუტა რობაქიძის საქმეზე პატრულის ყოფილი თანამშრომლის, გრიგოლ ბაშალეიშვილის მეწყვილეს კითხავენ
ბუტა რობაქიძის საქმეზე პატრულის ყოფილი თანამშრომლის, გრიგოლ ბაშალეიშვილის მეწყვილეს კითხავენ

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს პატრულის ყოფილი თანამშრომლის, გრიგოლ ბაშალეიშვილის მეწყვილე ლევან ლობჟანიძეს კითხავენ. საქმეზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.

აღნიშნული მოწმე წლების წინ მიცემულ ჩვენებაში საუბრობდა, რომ 2004 წელს წერეთლის გამზირზე დაკავებულ ბუტა რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს იარაღები ჰქონდათ და სამართალდამცველებს არ დაუდიათ. მოწმეს მისი რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუც აჩვენეს, სადაც ის 2004 წლის მოვლენებს იხსენებს. ინტერვიუში ნათქვამი ინფორმაცია მან ჩვენების მიცემის დროსაც დაადასტურა.

საქმე, რომლის განხილვაც ხუთი წელია მიმდინარეობს, სასამართლომ 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაასრულოს. წინა სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე ლევან ლობჟანიძის სახით პირველი მოწმე წარმოადგინა.

„დღესაც ვადასტურებ იმ შინაარსს, იმ პრესკონფერენციის შინაარსს. 2004 წელს რიგითი პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე ვიყავი. ჩემი მეწყვილე გრიგოლ ბაშალეიშვილი იყო. ბაშალეიშვილს გაუვარდა იარაღი სხვისი დაკავების დროს“, – განაცხადა ლევან ლობჟანიძემ.