ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მაიზერ ლიპარტელიანის ჩვენებას გამოიკვლევენ
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მაიზერ ლიპარტელიანის ჩვენებას გამოიკვლევენ

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. ბრალდებულების დაკითხვა უკვე დასრულებულია და დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლევენ ერთ-ერთ წერილობით მტკიცებულებას. ეს არის ყოფილი სამართალდამცველის, მაიზერ ლიპარტელიანის ჩვენება.

მაიზერ ლიპარტელიანი დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაურია, რომელიც შემთხვევის დროს, ღამე, წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის ყოფილ მსჯავრდებულს გრიგოლ ბაშალეიშვილს. ლიპარტელიანი საქართველოში არ იმყოფება და სწორედ ამიტომ აქვეყნებენ მის ჩვენებას წერილობით.

ამით დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.