ბუტა რობაქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის საფლავზე დღეს ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ
ბუტა რობაქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის საფლავზე დღეს ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ვერის სასაფლაოზე შეიკრიბნენ.

ბუტა რობაქიძე დღეს 34 წლის გახდებოდა. ახლობლებმა დაღუპული კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ასევე, მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.

ოჯახი მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას. ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, რამდენიმე მაშინდელი მაღალჩინოსანი დღემდე სათანადოდ არ არის დასჯილი.

„14 წელია, დავდივართ სასაფლაოზე და ბუტას ვიხსენებთ. იმ რეჟიმმა 150-მდე ბიჭი შეიწირა, ჩვენ მათ სიკვდილის ბრიგადები დავარქვით. ამ ახალგაზრდებმა – ბუტამ, სანდრომ და ყველამ, დიდი რამ გააკეთეს, რომ ის რეჟიმი წასულიყო. ისინი ყველაფერს შეეხნენ  – ციხეებს, ქუჩაში მკვლელობები, გაქრობა.. არასოდეს მოვდუნდებით, ყოველთვის გავაგებინებთ და არ დავავწიყებთ ცხრა წლიან სისხლიან რეჟიმს. ეს მუხტი იმისთვისაა საჭირო, რათა არ დაივიწყოს ქართველმა ხალხმა, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში“, – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის მამა იმედოვნებს, რომ პროკურატურა საკითხს ობიექტურად გამოიძიებს და დაკითხვას ყველას, ვინც საჭიროა.

„დონაძე, მიქაძე, ფირცხალავა, ის ხალხი იმ მუხლით, რაც ეკუთვნოდათ, მაქსიმალურად დაისაჯნენ, ოღონდ 15 წლის შემდეგ. ეს მათ უნდა გაეკეთებინათ, დღეს რომ სამართლიანობაზე საუბრობენ და 9 წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ აქვთ გამოძიებული. ახლა არის დაწყებული მეორე საქმე, შევხვდი მთავარ პროკურორსაც და ვხვდები გამომძიებლებს, პროკურორებს და მაქვს იმედი, გამოიძიებენ ობიექტურად, მაგრამ თან მაქვს შიში, რადგან 25 ნოემბრამდე აქვს ხანდაზმულობა და იქამდე არ მივიდნენ. აქედან ვეტყვი პროკურატურასა და მის თანამშრომლებს, არ მომწონს დღევანდელი სიტუაცია, რაც გამოძიებაშია, არ ჰყავთ ის ადამიანები დაკითხული, ვინც უნდა დაიკითხოს  – ეს არის ღვინიაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრია, ლევან გვაზავა, რომელიც იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი მაშინ, ირაკლი წერეთელი – დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი, ვანო ბერაძე, რომელიც იყო რესპუბლიკის პატრულის უფროსი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო შსს მინისტრი“, – აღნიშნა რობაქიძემ და განაცხადა, რომ შესაბამისი მოწმეებიც არსებობენ.

მისი თქმით, თუ საქმეს საქართველოში ბოლომდე არ მიიყვანენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

„თუ ეს საქმე არ გაირკვევა, „ნაციონალებივით“ არ დავიწყებ. ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე. წავიღებ სტრასბურგში და სამ წელიწადში ჩამოვა იქედან, თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.