Doing Business-ის ისტორიაში რეფორმების რაოდენობით რუანდა და საქართველო ლიდერობენ
Doing Business-ის ისტორიაში რეფორმების რაოდენობით რუანდა და საქართველო ლიდერობენ

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანგარიშის, Doing Business-ის ისტორიაში, რეფორმების რაოდენობით საქართველოს მხოლოდ რუანდა უსწრებს.

2008-2019 წლების ანგარიშების მონაცემებით, ბიზნესის კეთების გაუმჯობესების კუთხით საქართველოს 50 რეფორმა აქვს განხორციელებული, რუანდას კი 59.

ამასთან, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, რუანდა კი 29-ე პოზიციაზე.

Doing Business-ის ანგარიშის კრიტერიუმებით, საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების გადანაწილება ასეთია: ბიზნესის დაწყება – 6 რეფორმა, სამშენებლო ნებართვები – 5, ელექტროენერგიის მიღება – 3, ქონების რეგისტრაცია – 5, კრედიტის აღება – 7, მინორიტარი აქციონერების დაცვა – 5, გადასახადების გადახდა – 6, საერთაშორისო ვაჭრობა – 4, კონტრაქტების აღსრულება – 5, გაკოტრების/გადახდისუუნარობის საქმის წარმოება – 4.

„რუანდაში, საქართველოსა და კოლუმბიაში რეფორმები ძლიერმა ლიდერობამ განაპირობა. თავდაპირველად სწორედ ამ ქვეყნებში რეგულაციების რეფორმირება იყო შთაგონებული ანგარიშით Doing Business“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.