ბურკინა ფასოს ერთ-ერთ სოფელში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა
ბურკინა ფასოს ერთ-ერთ სოფელზე სავარაუდოდ ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 160-მდე გაიზარდა. „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვია.
ქვეყნის მთავრობამ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ბურკინა ფასოს პრეზიდენტმა, როხ მარკ ქრისტიან კაბორმა მომხდარი თავდასხმა დაგმო.
შემთხვევა მალისა და ნიგერის საზღვრებთან მოხდა, სადაც „ალ ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტები მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებს ესხმიან თავს.
2015 წლის შემდეგ ბურკინა ფასოში მსგავსი მასშტაბის თავდასხმა არ მომხდარა.