ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი იტალიის სერია A-ში, შენგელიამ მინიმალური სხვაობით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

16-გუნდიან იტალიის სერია A-ში მე-15 ტური ჩატარდა, ანუ პირველი წრე დასრულდა. მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ბექა ბურჯანაძისა და თორნიკე შენგელიას გუნდებმა.

ბექა ბურჯანაძემ „რეჯიო ემილიაში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ემილიელებმა კი მეტოქე 84:68 დაამარცხეს.

ბურჯანაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბექას „რეჯინაში“ მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა აჯობა. ლიეტუველმა ოსვალდას ოსილევიჩიუსმა 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

რეჯინამ“ სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. ბექას გუნდი ამჟამად ბოლო ადგილზეა და მეორე წრეს ჩემპიონატის ლიდერ „მილანოსთან“ მატჩით გახსნის.

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის სერია A-ში ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა: ბოლონიაში „ვენეცია“ მიიღო და მძიმე ბრძლაში ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 79:78.

ამ გამარჯვებაში შენგელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიაზე მეტი, 17 ქულა მხოლოდ დანიელ ჰაკეტმა ჩააგდო.

„ვირტუსმა“ 15 ტურში 12 მოგება მოაგროვა და სერია A-ს უმთავრეს კონკურენტ „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 22 იანვარს სტუმრად, „ბრინდიზისთან“ გამართავს.